"ხიზრი ალდამოვის მიერ გროზნოში გაკეთებული განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია, ეს დიდი თამაშის ნაწილია და სულ მცირე ორი რამის მანიშნებელია", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის საქართველოში ყოფილი წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
"ალდამოვის მიერ გროზნოში გაკეთებული განცხადებები ემსახურება საქართველოს დისკრედიტაციას მსოფლიო საზოგადოების თვალში, როგორც ქვეყნისა, რომელიც მფარველობს ტერორისტებს და უნდა ოლიმპიური თამაშების ჩაშლა. როდესაც 10 მაისს რუსეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ საქართველოს სპეცსამსახურები დოკუ უმაროვის შენაერთებთან ერთად ამზადებენ ოლიმპიადის წინააღმდეგ ღონისძიებას და აფხაზეთის ტერიტორიიდან დაიწყება სპეცოპერაცია, ეს იყო მანიშნებელი იმისა, რომ ისინი ძალიან სერიოზულად ემზადებიან საქართველოს წინააღმდეგ სულ მცირე საერთაშორისო დისკრედიტაციისთვის და უარესი - საქართველოში სავარაუდო შემოჭრის გასამართლებლად. ანუ ხიფათი არის ძალიან სერიოზული", _ აცხადებს არეშიძე.
ექსპერტის თქმით, ალდამოვისგან მოსალოდნელი იყო განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ მზადდებოდა სპეცოპერაცია 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის საწინააღმდეგოდ, შემდეგ კი აუცილებლად გააკეთებს განცხადებას, თუ როგორ გააკეთებს ამას სააკაშვილი.
შეგახსნებთ, რომ უკვე მერამდენე დღეა ალდამოვი რუსეთიდან გაკეთებულ განცხადებებში საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრობს. რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში ალდამოვი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2014 წლის სოჭში დაგეგმილი თამაშებისთვის "აუცილებლად რამეს მოიმოქმედებს".
ამას გარდა, ალდამოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ადრე ბოევიკებს ეხმარებოდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს ახორციელებდნენ, ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ახალ "იჩქერიის მთავრობას" ქმნის".
ალდამოვი რამდენიმე ხნის წინ ჩეჩნეთში გადავიდა, რამზან კადიროვის წინაშე მოინანია, ბოდიში მოიხადა და გააცხადა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მწარედ ცდებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ დუდაევსა და მის თანამებრძოლებს ჩეჩნეთისთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ.
"მე მართლაც მჯეროდა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი. მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ მწარედ ვცდებოდი. გულწრფელად ვინანიებს იმას, რომ ასე ფუჭად დავკარგე მთელი ეს წლები. მინდა, რომ დარჩენილი ცხოვრება მშობლიურ მიწაზე გავატარო და ჩეჩენ ხალხს გამოვადგე", _ განაცხადა ალდამოვმა. რამზან კადიროვთან გამართულ შეხვედრაზე მან ასევვე განაცხადა, რომ საქართველოში მანამ არ დაბრუნდება, ვიდრე ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი იქნება.