"როგორც კი ხიზრი ალდამოვი გროზნოში გამოჩნდა, მე ვვარაუდობდი, რომ დაიწყებოდა კამპანია მისი ინტერვიუებისგან და განცხადებებისგან, რომელიც საქართველოსთვის ზიანის მომტანი იქნებოდა უეჭველად", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის საქართველოში ყოფილი წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
"ეს ასე მოხდა კიდეც და ეს არის დასაწყისი, ეს არ არის ფრაგმენტული მოვლენა. ალდამოვი რუსეთის კანონმდებლობით იყო ძებნილად იყო აღიარებული, მოღალატეთა რანგში იყო შეყვანილი. მე, უბრალოდ, შეიძლება ტერმინოლოგიაში შევცდე ძებნილობასთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ის აბსოლუტურად მიუღებელი პიროვნება იყო და მის მოღალატეობაზე ლაპარაკობდა დღევანდელი ჩეჩნეთის ხელისუფლება - ეს ფაქტია", _ აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ ალდამოვის გროზნოში ჩაყვანა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო.
"როდესაც ის გროზნოში მოხვდა, ჩემთვის გასაგები იყო, რომ ასე მარტივად ის იქ ვერ მოხვდებოდა, ის გროზნოში თავისი ფეხით, შეუთანხმებლად ვერ ჩავიდოდა. რასაკვირველია, ეს იყო გარკვეული სპეცოპერაცია, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს და რომლის მიზანიც იყო ალდამოვის პრეზენტირება გროზნოში, როგორც სამშობლოში დაბრუნებული შვილისა",_ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძე.
ექსპერტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სინამდვილეში ალდამოვის სამშობლო არის პანკისის ხეობა და არა ჩეჩნეთი, როგორც ის გროზნოში გაკეთებულ განცხადებებში ამბობს.
"სინამდვილეში მისი სამშობლო არის პანკისის ხეობა და არა ჩეჩნეთი, სადაც ის რამდენიმე წელიწადს მუშაობდა მხოლოდ, შეიძლება ათ წელიწადს", _ აცხადებს არეშიძე.
შეგახსნებთ: გროზნოში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ალდამოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ადრე ბოევიკებს ეხმარებოდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს ახორციელებდნენ, ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ახალ "იჩქერიის მთავრობას" ქმნის".
ალდამოვი რამდენიმე ხნის წინ ჩეჩნეთში გადავიდა, რამზან კადიროვის წინაშე მოინანია, ბოდიში მოიხადა და გააცხადა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მწარედ ცდებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ დუდაევსა და მის თანამებრძოლებს ჩეჩნეთისთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ.
"მე მართლაც მჯეროდა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი. მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ მწარედ ვცდებოდი. გულწრფელად ვინანიებს იმას, რომ ასე ფუჭად დავკარგე მთელი ეს წლები. მინდა, რომ დარჩენილი ცხოვრება მშობლიურ მიწაზე გავატარო და ჩეჩენ ხალხს გამოვადგე", _ განაცხადა ალდამოვმა. რამზან კადიროვთან გამართულ შეხვედრაზე მან ასევვე განაცხადა, რომ საქართველოში მანამ არ დაბრუნდება, ვიდრე ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი იქნება.