მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი თებერვალში მოსკოვში კიდევ ერთ ვიზიტს გეგმავს.
ამის შესახებ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს დღეს თავად განუცხადა და ისიც განმარტა, რომ ვიზიტის ფარგლებში პარტია "ედინაია რასიასთან" პარტიათაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასაც აპირებს.
ამასთან, ყოფილი პრემიერი რუსეთთან მისი დიალოგის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის, რომ ცხინვალის რეჟიმმა დაკავებული ქართველი მოზარდები გაათავისუფლა და ისიც, რომ დროებით, მაგრამ ახალი წლის დღეებში რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღდგა, სწორედ მისი დამსახურებაა.
"როგორც დავინახეთ რუსეთთან დიალოგის ფორმატმა გაამართა. აღნიშნული ძალიან მცირე მიღწევებია, მაგრამ ყველაფერი წინ არის. რუსეთთან ურთიერთობა საქართველოს გამთლიანების წინაპირობაა", - განმარტა მან.
აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ნოღაიდელი პოლიტიკური პარტიების წევრებსა და ექსპერტებს ხვდება და მათ სწორედ საკუთარი პარტიის საგარეო კურსს აცნობს.
ყველა პარტიის მიწვევის მიუხედავად, შეხვედრაზე ოპოზიციონერთა რიგებიდან მხოლოდ "კონსერვატორებისა" და "ხალხის პარტიის" ლიდერები მივიდნენ.