საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს.
გადაწყვეტილება საბჭოს პლენარულ სხდომაზე ერთსულოვნად იქნა მიღებული.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ვიცე-თავმჯდომარეების გარდა, ასამბლეის ახალი თავმჯდომარეც იქნა არჩეული. ევროპის საბჭოს 318-წევრიანმა საპარლამენტო ასამბლეამ 25-ე თავმჯდომარედ თურქეთის წარმომადგენელი მევლუთ ჩავუშოღლუ აირჩია.
მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე თურქეთის პირველი წარმომადგენელია, ესპანელ ლუის მარია დე პუჩს შეცვლის. აღნიშნულ არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა. ასამბლეის საპროცედურო წესების შესაბამისად, თავმჯდომარეობის ერთწლიანი ვადა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ განახლდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საპარლამენტო ასამბლეის აღნიშნულ გადაწყვეტილებებს და წარმატებას უსურვებს ახალ თავმჯდომარეს.