ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ბიუროს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.
სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება და წინასწარი ინფორმაციით, ბაქრაძე გამოსვლის ძირითად ნაწილს ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუთმობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს მოახდინოს ევროპარლამენტარების სრული ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაა ოკუპირებულ ზონებში და როგორ არ ასრულებს რუსეთი 6-პუნქტიან შეთანხმებას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ბიუროს გაფართოებული სხდომის შემდეგ, დავით ბაქრაძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს და სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესაც შეხვდება. საუბარის თემა ამჟერადაც ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებში არსებული ვითარება იქნება.
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე სპეციალური დოკუმენტის შემუშავებას აპირებს, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასება მოხდება. წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტის განხილვა თებერვლის დასაწყისში დაიწყება.
გარდა ამისა, ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბაქრაძის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან ანდრეს ფოგ რასმუსენთან და ევროპარლამენტისა და ბელგიის უმაღლეს პირებთან.