თელავის ვაჟა - ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველად კულტურის მინისტრმა მსახიობი პაატა გულიაშვილი დანიშნა. თეატრის ახალი მმართველი პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში სპექტაკლებზე მუშაობა დაიწყება და თეატრი აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
„გუბერნატორისგან იყო შემოთავაზება, რომ ამ თანამდებობაზე მე დავნიშნულიყავი. რიგი საკითხები გავიარეთ და ავიღე ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე. ამ წუთებში მოვდივარ კახეთში, ჯერ ძალიან ახალი ამბავია, დასთანაც კი არ წარვუდგენივარ და აქედან გამომდინარე პროგრამაზე საუბარიც მიჭირს. რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ თეატრი ასამუშავებელია და უახლოეს 5 დღეში აუცილებლად დაიწყება რეპეტიციები. პირველი, რაც თეატრს სჭირდება სპექტაკლები და რეპეტიციებია," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს პაატა გულიაშვილმა.
რაც შეეხება თეატრში არსებულ დავალიანებას, ახალი მმართველი ამბობს, რომ ეს მას არ ეხება, თუმცა ეცდება, რომ დავალიანება დაფაროს. თეატრს ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში ჩივიან და წინა თვეების ხელფასის გადახდას ითხოვენ.
„ეს დავალიანება მე არანაირად არ მეხება. თუ ვინმეს დავალიანება აქვს, ალბათ თვითონ გაარკვევენ, ვისაც აქვს სასამართლოში საქმეები და დავალიანება, ის მიხედავს თავის თავს. მე ფაქტიურად ნულიდან ვიწყებ ყველაფერს. ალბათ გადაიხდიან როგორც საჭიროა. არის წინადადებები, რითაც შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად გარკვეულ საკითხებზე არის საუბარი როგორ შეიძლება ამ ვალის დაფარვა. რაღაცნაირად მოგვარდება, მაგრამ ამის პასუხისმგებლობას მარტო ჩემს თავზე ვერ ავიღებ," - აღნიშნა პაატა გულიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.
პაატა გულიაშვილი წარმოშობით თელავიდან არის. ის მსახიობ ავთანდილ გულიაშვილის შვილია. ავთანდილ გულიაშვილი 2011 წლის 22 მარტს, თელავის თეატრში, დასის შეკრებაზე თეატრის მაშინდელი მმართველის დუტა სხირტლაძის გინების შემდეგ გარდაიცვალა. სხირტლაძის გინების შემდეგ რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე და მსახიობი ვანო იანტბელიძე კი ავად გახდნენ.
დუტა სხირტლაძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თანამდებობიდან 2012 წლის 14 მაისს გაათავისუფლა. ის თელავის თეატრის მმართველის თანამდებობაზე 2010 წლის 22 ივნისიდან მუშაობდა. გასული წლის მარტში თეატრის თანამშრომლები დუტა სხირტლაძეს დაუპირისპირდნენ, მსახიობები თეატრის მმართველს ნეპოტიზმში, ხელფასების გადაუხდელობასა და თეატრის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდნენ. დუტა სხირტლაძე მასთან დაპირისპირების გამო თეატრის მთავარ რეჟისორს გოგი ჩაკვეტაძეს გათავისუფლებითაც დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და ჩაკვეტაძის გათავისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადება ემოციურობით ახსნა. თეატრი 5 თვის განმავლობაში პარალიზებული იყო, არ დადგმულა სპექტაკლები. თეატრს არ მიეწოდებოდა წყალი, ბუნებრივი აირი, გათიშული იყო ტელეფონი და ინტერნეტი.
თეატრის თანამშრომლების მიერ დუტა სხირტლაძის წინააღმდეგ თელავის რაიონულ სასამართლოში სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით 1 წლის განმავლობაში ოთხი სარჩელი შევიდა. აქედან ორ საქმეზე მოსამართლემ სხირტლაძეს დავალიანების სრულად დაფარვა დააკისრა. ერთი საქმე მოსარჩელეების პროცესზე დაგვიანების გამო განუხილველი დატოვა. კიდევ ერთი საქმე კი ჯერ არ დასრულებულა.