"ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, პარლამენტის ქუთისში გადატანა ერთი დღეში მისაღები გადაწყვეტილება არ არის და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას ხალხის აზრი არ გაუთვალისწინებია.
,,რაც შეეხება პარლამენტსა და ქუთისს, ესეც არის საკითხი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობისთვის აზრი არავის არ უკითხავს. პარლამენტის გადატანა ერთი ქალაქიდან მეორეში ერთ დღეში მისაღები გადაწყვეტილება არ არის. იგი უნდა იყოს ასევე გონივრული და ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. თუკი ეს ინტერესები დასაბუთდება, რასაკვირველია, ეს უნდა მოხდეს, თუმცა უფლებას ვიტოვებთ ეჭვი შევიტანოთ ამ გადაწყვეტილების გონივრულობაში", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ.
"ქართული ოცნების" პრესსპიკერის თქმით, პარლამენტის ქუთისში გადატანასთან დაკავშირებით ხელისუფლებას არანაირი გეგმა არ შეუდგენია.
,,ამ თემაზე ძალიან ბევრი ლაპარაკი შემიძლია, რადგან ვიყავი მომსწრე, თუ როგორ გადავიდა ბონი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მათ შორის მოხდა პარლამენტის გადატანა და ვიცი, თუ რა სახის დაგეგმვა მოჰყვა ამ ამბავს. ამისათვის სპეციალური კანონი მიიღეს, რომელსაც ბერლინისა და ბონის კანონი ერქვა და რომელიც არეგულირებდა აბსოლუტურად ყველა დეტალს, რაც გათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო, როდესაც ამდენი ხალხი და სახელმწიფო სამსახურები გადავიდოდა ერთი ქალაქიდან მეორეში. მე მსგავსი გეგმები, მსგავსი კანონები საქართველოში არ მინახავს და მოსახლეობისთვის აბსოლუტურად უცნობია, თუ რა მოყვება ამ ცვლილებას",- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ამ დრომდე უცნობია თუ რას უპირებს ხელისუფლება თბილისი არსებულ პარლამენტის შენობას.
"ასევე უცნობია, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება თბილისში არსებული პარლამენტის შენობა. გაიყიდება, არ გაიყიდება, ვინ იყიდის, რა ფუნქცია ექნება. აქედან გამომდინარე აქ არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ხელისუფლების მხრიდან ეს არის დაუფიქრებელი ნაბიჯი, ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.