კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე კოალიციის გორის რაიონული ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით სამართლიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს, _ აღნიშნულის შესახებ აბაშიძემ გორში განაცხადა, რომელიც ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერთან და კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
,,ჩვენ მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ გამოძიება წარიმართოს ობიექტურად. პასუხისმგებელი პირები, ვინც, ეს დანაშაული ჩაიდინეს იქნენ დაკავებული და შემდეგ გაირკვეს მათი მოტივი, თუ რა მიზნით შემოვიდნენ ოფისში, რადგან, ბუნებრივი, ძალიან საეჭვო ვითარებაა. აქედან გამომდინარე, როდესაც ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ ქვეყანაში კრიმინალი აღარ არსებობს და ქვეყანა ამ თვალსაზრისით ძალიან დაცულია, სწორედ ახლა გამოჩნდება მათი ეს თავმოწონება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ: კოალიციის ოფისი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დილით გატეხილი დახვდათ. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ოფისიდან კომპიუტერები და დოკუმენტაციაა წაღებული.