აფხაზი სეპარატისტები გალში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობაში საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით სეპარატისტლი აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო და გალის რაიონის ე.წ. პროკურატურა განცხადებას ავრცელებენ.
„გალის რაიონის პროკურატურის, სახელმწიფოს უშიშროების სამსახურისა და შს სამინისტროს მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერატიული მოქმედებების შედეგად, რომლებიც მილიციის მაიორ ლეონიდ კვიწინიას, მილიციის კაპიტნის დევი ბუავასა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკიას მაცხოვრებლის გულთაზ ყოლბაიას მკვლელობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა დადგინდა, რომ 2012 წლის 28 მაისს გალში კაფე „ზოლუშკა"-ში ეს დანაშაული საქართველოს რესპუბლიკიდან შემოგზავნილმა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა განახორციელა, რომელიც სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა",_ ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, დამნაშავეები საქართველოდან ჩამოვიდნენ და ერთმანეთს ქართულ ენაზე ესაუბრებოდნენ.
აფხაზური მხარე, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას ასევე აღნიშნავს, რომ „რამდენიმე თვით ადრე 2012 წლის მარტში გალის რაიონის ე.წ. პროკურატურისა და აფხაზეთის ე.წ. უშიშროების ორგანოების თანამშრომლებმა ქართული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ერთ ერთი წევრი მალხაზ ლევანის ძე რურუა დააკავეს. მისი ჩვენებებით, მისი ჯგუფი ოთხი ადამიანისაგან შედგებოდა და შეგზავნილი იყო აფხაზეთში დ. ბუავას ლიკვიდაციის მიზნით. ეს ჯგუფი ადრე ბანდფორმირება „ტყის ძმების" შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც სლავიკ ბიგვავა ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად სამსახურს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში ოფიციალურად გადის. „ტყის ძმების" წინაშე იდგა ამოცანა - გაენადგურებინათ აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრიქტურების წარმომადგენლები. ამ საქმის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება გრძელდება", _ აღნიშნავს აფხაზური მხარე.