ოკუპირებულ აფხაზეთში იტალიელი ბიზნესმენების ვიზიტი დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახენ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამგზავრების წინ იტალიელი ბიზნესმენები, აგროსამრეწველო საზოგადოება „LPR"-ის წარმომადგენლები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ და აფხაზეთში თავისი ვიზიტის შედეგები გააცნეს.
იტალიელი ბიზნესმენების თქმით, მათ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და სხვა ე.წ. სამინისტროებში შეხვედრები გამართეს და სოფლის მეურნეობის ე.წ. უწყებაში ფერმერების კონსორციუმის შექმნის საკითხი დააყენეს, იმისათვის რათა მომავალში კონსორციუმზე განსახილველად გამოიტანონ საკითხი ფაბრიკის შექმნის შესახებ, რომელიც ცხოველებისათვის მშრალი საკვების წარმოებით იქნება დაკავებული.
„ჩვენ ასევე გვეგმავთ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დავიწყოთ ერთობლივი მუშაობა ტრიუფელების გამოყვანის შესახებ. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება ამ საქმეში აფხაზ კოლეგებს გამოადგება", _ აცხადებენ იტალიელი ბიზნესმენები.
ამას გარდა, იტალიურმა დელეგაციამ აფხაზურ მხარეს ასევე შესთავაზა დახმარება რესტორანული ბიზნესის სფეროში სპეციალისტების მომზადების შესახებ.
„ასევე განხილულ იქნა სხვა იდეები, რომლებიც ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროს ეხება, ასევე ისაუბრეს ქალაქ პეზაროსთან საზღვაო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ", _ იუწყება აფხაზური მხარე.