ბოლო პერიოდში გალის რაიონში მომხდარი 11 მკვლელობიდან არც ერთი არ არის ასახული საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის ანგარიშში. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბამ გაეროს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარესთან ანტი ტურუნენთან სოხუმში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
შეხვედრაზე სადაც საუბარი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის გალის რაიონში მიმდინარე შეხვედრას შეეხო, სეპარატისტთა ე.წ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სეპარატისტთა "პოზიცია ტიშკევიჩთან დაკავშირებით პრინციპული რჩება", _ აცხადებს ჩირიკბა.
"2011 წლის 29 დეკემბრიდან მომხდარია 11 მკვლელობა და არც ერთი მათგანი არ არის ასახული საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის ანგარიშში", _ აცხადებს ჩირიკბა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს აფხაზმა სეპარატისტებმა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი გენერალი ანჟეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პერსონად გამოაცხადეს. სეპარატისტებმა უკმაყოფილებას გამოხატეს რიგ საკითხებთან მიმართებაში ტიშკევიჩის პოზიციასთან დაკავშირებით და გავრცელებულ განცხადებაში ტიშკევიჩის პოზიციას "კონფრონტაციული" უწოდეს.
"დაუშვებლად მივიჩნევთ მისიის ხელმძღვანელის უარს, დააფიქსიროს განსაკუთრებით მძიმე ინციდენტები, რომლებიც საზღვრიპირა ზონაში ხდება, მათ შორის, რიგი მკვლელობებისა და ასევე აფხაზური მხარის პოლიტიკური შანტაჟის მცდელობები", - წერდნენ სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ ტიშკევიჩი არის რა ჟენევის მოლაპარაკებათა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში მონაწილე აფხაზური მხარის მიმართვების იგნორირებას ახდენს და აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვებას მოითხოვს, რაც მედვედევ-სარკოზის გეგმას ეწინააღმდეგება.