სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა გაეროს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეს ანტი ტურუნენს სოხუმში შეხვდა. შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგის განხილვა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
განიხილეს ასევე წინადადებები, რომლებიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მუშაობის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან იყო დაკავშირებული.
სეპარატისტთა ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობასთან დაკავშირებით შექმნილია კრიზისული სიტუაცია.
"ხოლო ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭიროა ადეკვატური რეაგირება ტერორისტულ მოქმედებებზე, რომლებსაც ქართული მხარე გალის რაიონში ახორციელებს", _ ეს ჩირიკბას თქმით, მექანიზმის ძირითადი ამოცანაა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 7-8 ივნისს გაიმართება.