საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ მოსკოვში რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის შეთანხმება გაფორმდა. მას ხელი რუსეთის მხრიდან ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხაილ ოსეევსკიმ ხოლო სეპარატისტთა მხრიდან აფხაზეთის ე.წ. ეკონიმიკის მინისტრმა დავიდ ირადიანმა მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მისი ძალაში შესვლის მომენტიდან რუსული მხარე არ მოითხოვს საბაჟო მოსაკრებელს, რომელიც აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქონლის შეტანისას გროვდებოდა. საუბარია იმ საქონელზე, რომლის წარმოებაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება. თავის მხრივ აფხაზური მხარე 2015 წლის 1 იანვრიდან იგივეს განახორციელებს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში.
ამ შეთანხმების მოქმედება არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შაქრის, სპირტიანი სასმელებისა და სიგარეტების შეტანაზე, ხოლო რუსეთის მხრიდან აფხაზეთში ჩაის, წყლების,სპირტიანი სასმელებისა და სიგარეტების შეტანაზე. შეთანხმება ძალაში რატიფიკაციის შემდეგ შევა.