რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ყველა ობიექტის აგების დასრულებას მიმდინარე წლის განმავლობაში აპირებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ნიკოლაი რიბალკინმა გააკეთა.
"ამ დროისათვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პრაქტიკულად ყველა ობიექტის მშენებლობა სრულდება. სასაზღვრო სამმართველოებისა და კომპლექსების მშენებლობა კი ორივე რესპუბლიკაში მიმდინარე წლის ბოლოსათვის დასრულდება", _ აცხადებს რიბალკინი.
მისივე თქმით, ექსპლუატაციაში შესული ყველა შენობა ავტონომიური კომპლექსია, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები და სათამაშო მოედნები, სპორტული დარბაზები და სასწავლო ოთხები.
საცხოვრებელი ბინები კი ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკითაა დაკომპლექტებული.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაცია იმტენსიურად სამხედრო ობიექტების მშენებლობა 2009 წლიდან დაიწყო. სულ მას იქ, გეგმის მიხედვით 45 სამხედრო ობიექტი აქვს, რომელთაგან 32 უკვე მზადაა.