სერბეთის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი აცხადებს, რომ შესაძლოა სერბეთის პარლამენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს. ეს განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა, რომელმაც პრეზიდენტის არჩევის შემდედ თავისი პირველი ვიზიტი რუსეთში, პარტია "ედინაია როსიას" ყრილობაზე დასასწრებად განახორციელა რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე - "თქვენ იცით რომ არსებობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თქვენ როგორც პრეზიდენტი რაიმე სახით აპირებთ თუ არა მათ აღიარებას და საერთოდ შეგიძლიათ ამ საკითხზე თქვენი პოზიცია ჩამოაყალიბოთ" - ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა:
"სულ სხვა და სხვა სიტუაციებია და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს ასეა. ამიტომაც აქ და იქ ერთი და იგივე პრინციპების გამოყენება არ გამოდგება. ჩვენ პარლამენტში ამ საკითხს განვიხილავთ", _ განაცხადა პრეზიდენტმა და დააკონკრეტა, რომ პარლამენტში სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვის შესაძლებლობაზე საუბრობდა.
"დიახ თუ პარლამენტში ასეთი საკითხი დადგება ის განხილული იქნება კიდეც. ამით ჩვენ კოსოვოში ჩვენს ინტერესებს არ ვემუქრებით. აქ პრინციპულად ძალიან დიდი სტატუსობრივი განსხვავებები არსებობს", _ განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.