ის, რაც ქართულ ფეხბურთში ამ ბოლო პერიოდში მოხდა და ხდება, უფროსმა კოლეგა-ჟურნალისტმა, „ჟურნალ ათიანის" მთავარმა რედაქტორმა გია გორგოძემ მოკლედ ასე ჩამოაყალიბა: უფლებამოსილი ვარ ერთბაშად 3 სუბიექტის - დავით ყიფიანის ოჯახის, ჟურნალ „ათიანის" და დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდის ნება გადმოგცეთ - ვიდრე ჩვენს ფეხბურთში ისეთი სიბინძურეები ხდება, რაც ყველამ დღეს ვიხილეთ, საქართველოს თასის გათამაშებას დავით ყიფიანის სახელი არ ერქმევა. ეს გახლავთ პროტესტის ერთგვარი ფორმა, რომლის მსგავსი მცდელობა, დომენტი სიჭინავას ფედერაციის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგაც იყო, მაგრამ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს მაშინ გადაათქმევინეს.
ნათელში მყოფი ქართული ფეხბურთის უბადლო ოსტატის ოჯახის პროტესტი ერთია, მაგრამ ჩვენ რაღა ვქნათ, ვისაც იმ სიბინძურის უნებლიე „გათეთრება" გვიწევს? ვინმე იტყვის - მერედა თქვენც ისე დაწერეთ, ნუ „გაათეთრებთო". უკვე თვით მატჩის პერიპეტიების (იგულისხმება კარში დარტყმების და მათზე მეკარეთა რეაგირების აღწერა) მოყოლა ნიშნავს „გათეთრებას", რისი არანაირი სურვილი არ გვაქვს. მაგრამ ამ დროს იცით ვინ ზარალდება? ვისაც „ზესტაფონის" კარში გატანილი ყველა გოლი ალალად უხაროდა და ზეიმობდა. ამათ ხომ არაფერი დაუშავებიათ - ისინი მინდორზე იყვნენ, ტრიბუნებზე თუ შინ ტელევიზორთან, შედეგი ნახეს და ის იზეიმეს.
იცით, როდის გახდა აშკარა, რომ არბიტრი ლევან კვარაცხელია გორელთა მეტოქეს არ გაამარჯვებინებდა? 0:1-ზე (იმერელთა კაპიტნის, თორნიკე აფციაურის მაღალ შემსრულებელ ოსტატობას, წინ ვერც „დილას" დაცვა აღუდგა და ვერც კიპერი) მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მცველის მორიგი გაცურების შემდეგ აფციაური რომ დაეცა და მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. ნაღდი წესის დარღვევა იყო და მსაჯს ზედ ხაზზე ჯარიმა უნდა დაენიშნა. ეპიზოდის გმირი იოლად გადარჩა, მსაჯმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათით არ დასაჯა.
ეს მოხდა 26-ე წუთზე - ფინალის საკვანძო ეპიზოდამდე 4 წუთით ადრე. 30-ე წუთზე, დაცვის „ზესტაფონის" დაცვის ცენტრში სოლივით შეჭრილი მათე ვაწაძე, საჯაიასა და ღონღაძეს გაურბოდა. ეს უკანასკნელი წამოეწია და ვარდნაში ბურთზე ფეხი გაუკრა. ბურთს კვასხვაძე დაეუფლა, ვაწაძე კი დაეცა. კვარაცხელიაც თითქოს ამას ელოდა - ღონღაძეს ბოლო იმედის ჯარიმა დაუფიქსირა, იქვე წითელი ბარათი ამოუღო, „ზესტაფონის" კარში კი პენალტი დანიშნა. ხოჯავას დარტყმით 1:1 გახდა.
ამის შემდეგ, ფინალმა ის პეწი დაკარგა, რაც მანამდე ჰქონდა. გორელები მანამდეც აქტიურობდნენ, ახლა კი კაცნაკლულ მეტოქესთან ჰქონდათ საქმე და რაღა უნდა დამართნოდათ? „დილამ" 10-კაციან „ზესტაფონს" 2 გოლი გაუტანა (49-ზე ვაწაძის თავურით, 64-ზე კი, ილურიძისგან კახელიშვილის ფლანგური ჩაწოდებულის დაგვირგვინებით), 9-კაციანს - ერთი. კვარაცხელიამ დვალს ტაშის დაკვრა არ აპატია, ყვითელი მატჩში მეორედ „აუნთო" და გასული ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლისგან არც #11-იანი მაისური მიიღო საჩუქრად - აქაოდა ქრთამის აღებაში ჩამეთვლებაო.
ჩვენი კომპეტენტური მოსაზრებით, ლევან კვარაცხელიას ადგილზე რომელი ქართველი არბიტრიც არ უნდა ყოფილიყო ამ ფინალის განმსჯელი, იგი აუცილებლად ასეთ შედეგს „დასვამდა". თავი და თავი კი, გორული კლუბის დამფინანსებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა. თუ ქვეყნის ამ მმართველი ორგანოს მხრიდან, მაგიდაზე მუშტის დარტყმით არავის არ მოუთხოვია თასის აღებით გორელთა გახარება, არც ისეთი უტვინოები არიან ქართველი მსაჯები, რომ ვის რით გაახარებენ, ის არ იცოდნენ.
და იცით, როდის გამოჩნდება, „დათვური" სამსახური გაუწიეს თუ არა, დღევანდელი შემადგენლობით მართლაც სიმპათიურ და ბრძოლისუნარიან გუნდს? როცა ევროტურნირზე გავლენ ქართული გუნდები და იქ საშუალოზე დაბალი დონის გუნდთან არ წააგებენ. მოკლედ, „ლაკმუსის ქაღალდი" ზაფხულში გამოაჩენს ცოდვილს თუ უცოდველს.
ბოლოს, იმ კომენტარების დედა-აზრი გვინდა გაგახსენოთ, რასაც გორის „დილას" თავკაცის პოსტზე თემურ შალამბერიძის წინამორბედი თემურ მახარაძე ავრცელებდა მედიის სხვადასხვა საშუალებათა მეშვეობით - ჩვენი მიზანი თასის აღებაა. არადა, იმ დროს შიდაქართლელები თასის მეოთხედფინალში იყვნენ. სანამ ასე ისრულებენ საქართველოში საფეხბურთო ოცნებებს, მანამ ფეხბურთი ვერც საკლუბო დონეზე განვითარდება და ვერც სანაკრებოზე.
საქართველოს თასის ფინალი
დილა (გორი) - ზესტაფონი 4:1 (1:1)
26 მაისი, 2012წ. თბილისი, „მიხეილ მესხი", 10000 მაყურებელი.
დილა: სკენდერი, ბეჭვაია, თოთაძე, ინწკირველი, სალუქვაძე, კაშია, არზიანი, ხოჯავა (ახალკაცი, 80), კახელიშვილი, სანდრო გურული (ილურიძე, 61), ვაწაძე (ბარაბაძე, 88).
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე.
ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, საჯაია, კობახიძე (ოვონიკოკო, 68), ელიავა, გორგიაშვილი (შარიქაძე, 59), მენთეშაშვილი, აფციაური, გრიგალაშვილი, მუჯირი (ონიანი, 46), დვალი.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
გოლები: 0:1 აფციაური (13), 1:1 ხოჯავა (31, პენ.), 2:1 ვაწაძე (49), 3:1 ილურიძე (64), 4:1 ინწკირველი (90+4).
გაფრთხილებები: დვალი (11, 83), მუჯირი (19), თოთაძე (45), სალუქვაძე (83), სკენდერი (90).
გაძევებები: ღონღაძე (30), დვალი (83).
მსაჯები: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი); მამუკა ელიკაშვილი (თბილისი), ზვიად ერქვანია (გალი); დავით ხარიტონაშვილი (თბილისი).