სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა აფხაზეთში მოქმედი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლიუკ ჰაასს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე წითელი ჯვრის პროგრამა "უგზო-უკვლოდ დაკარგულები" და სხვა საკითხები განიხილეს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ლიუკ ჰაასმა მაღალი შეფასება მისცა აფხაზური მხარის მიერ ქართული მხარისთვის თურქული გემის ეკიპაჟის ოთხი წევრის გადაცემას.
"თავის მხრივ, ჩირიკბა ჰაასს გალის რაიონის მცხოვრებლების თ. ხასაიას, ბ. შაკაიას და მ. ყოლბაიას დაკავების ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევაზე ამ ადამიანების უკანონო დაკავების საკითხში და ასევე მ. ყოლბაიას მიმართებაში წამების გამოყენებაზე", _ იუწყება აფხაზური მხარე.