ოსი სეპარატისტები ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრი ნატოს სამიტის მონაწილეებს ნაკლებად აინტერესებთ. აღნიშნული შინაარსის განცხადება ცხინვალის რეგიონში მოქმედმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
განცხადებაში ასევე უკმაყოფილებაა გამოთქმული იმის შესახებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი - საქართველოს რეგიონადაა მოხსენიებული.
"სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც აშკარად გათვლილია ქართული აუდიტორიის მოლოდინზე, იმთავითვე მიკერძოებულია. როგორც ცნობილია სამხრეთ ოსეთი არ არის "საქართველოს რეგიონი" და მხოლოდ რუსეთის ჩარევის წყალობით 2008 წლის აგვისტოში გადარჩა სამხრეთ ოსეთის ხალხი სრული განადგურებისაგან, რომელიც მას სამხრეთ ოსეთზე საქართველოს ვერაგული სამხედრო თავდასხმის შედეგად ელოდა. აი უკვე ოთხი თითქმის წელია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოება გარანტირებულია რუსეთის ფედერაციასთან ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, თუმცა ხალხის აზრი, როგორც ჩანს ნაკლებად აინტერესებთ სამიტის მონაწილეებს", _ წერენ სეპარატისტები.
მათივე აზრით, ალიანსი მართლა რომ იყოს დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის სტაბილიზაციით, იგი "სააკაშვილის რეჟიმთან შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებდა, კონკრეტულად კი ძალიუან გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების კუთხით, რაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა".