ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მთავრობის ადმინისტრაციის" უფროსად ანატოლი ბარანკევიჩი დაინიშნა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ანატოლი ბარანკევიჩის დანიშვნის ბრძანებას "პრეზიდენტმა" ლეონიდ თიბილოვმა მოაწერა ხელი.
მათივე ინფორმაციით, ეს თანამდებობა მანამდე დომენტი კულუმბეგოვს ეკავა.
შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბარანკევიჩი 1959 წელს კალინინგრადში დაიბადა. იგი მონაწილეა რუსეძთის მიერ წარმოებული ჩეჩნეთის ორივე ომისა. 2004 წელს პოლკოვნიკის წოდებით იგი რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან წამოვიდა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. თვადაცვის მინისტრად დაინიშნა. 2006 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა. 2008 წელს განხორციელებული რუსეთის აგრესიის დროს ანატოლი ბარანკევიჩი "ცხინვალის თავდაცვის ოპერაციას" ხელმძღვანელობდა.
ოს სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითან დაპირისპირების გამო მან ეს თანამდებობა დატოვა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი გახდა.