სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ანზორ ბუთბას, ალხაზ ხუტაბსა და რამზი ხაშიგს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით, ძებნაა გამოცხადებული რუშბეი ბარციცსა და ასტამურ ხუტაბზე, რომლებმაც "ორგანიზატორებისა და პაველ არძინბასა და ასლამბეი კჩაჩის მის შექმნილ ბანდასთან და მათი უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ ერთად განახორციელეს თავდასხმა ალექსანდრე ანქვაბზე როგორც 2011 წლის ოქტომბერში ასევე 2012 წლის 22 თებერვალს".
აფხაზური მხარე იუწყება, რომ უახლოეს დღეებში გამოძიება შესაბამის ბრალდებას ასევე წარუდგენს ამ ბანდის დანარჩენ მონაწილეებს - ელდარ და ედგარ ჭითანავებს, თამაზ ბარციცს და მურთაზ საქანიას.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზატორობა 2007 წლიდან პაველ არძინბას ჰბრალდება, რომელზედაც ამჟამად საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
პაველ არძინბას, გარდაცვლილ ასამბეი კჩაჩთან ერთად, ბრალად ედება შეიარაღებული ბანდის შექმნა ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმების განხორცილებისა და მისი ლიკვიდაციის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ასლამბეი კჩაჩმა, რომელიც ადრე აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი იყო, მასთან სახლში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მისვლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვვლელობით დაასრულა. ასევე წინასწარი დაკავების საკანში ასევე თავი ჩამოიხრჩო ამ საქმის მეორე ეჭვმიტანილმა ტიმურ ხუტაბმა.