"ეუთოს საერთაშორისო ორგანიზაციას სამხრეთ ოსეთისთვის არავითარ საკითხზე არ მოუმართავს და არავითარი მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთში ამ საერთაშორისო მისიის აღდგენაზე ამჟამად არ მიმდინარეობს", _ განცხადება ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსმა ბორის ჩოჩიევმა გააკეთა და ამ ინფორმაციას ქართული მედიით გავრცელებული "მორიგი სისულელე" უწოდა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ეუთოს მისიამ სამხრეთ ოსეთში მოქმედება დაიწყოს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მათეო მეკაჩის მიერ დღეს ერგნეთში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, ჩოჩიევი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავის სამხრეთ ოსეთისთვის ამ საკითხზე არ მიუმართავს.
"ეს ქართული მედიით გავრცელებული მორიგი სისულელეა, ამჟამად არავითარი მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ მიმდინარეობს, უკვე ერთ წელზე მეტია. იყო მოლაპარაკებები 2009, 2010, 2011 წლებში და ეუთოს თანათავმჯდომარე ქვეყნები აყენებდნენ ამ საკითხს, თუმცა მაშინ სამხრეთ ოსეთმა არ მიიღო მათი წინადებები და მათ არ მიიღეს სამხრეთ ოსეთის პირობები", _ აცხადებს ჩოჩიევი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეუთოსა და სამხრეთ ოსეთს არავითარი კონტაქტი უკვე ერთ წელზე მეტია არ აქვთ.
"არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა თქვა. მე თქვენ გეუბნებით, სამხრეთ ოსეთის პოზიციას და თუ ვინმეს ჩვენთან მოლაპარაკებების გამართვა სურს, ამისთვის არსებობს ჩვენი გარკვეული პირობები და სამხრეთ ოსეთი მზადაა თანამშრომლობისთვის შექმნილი რეალობიდან გამომდინარე", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ეუთოს მისია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მუშაობის განახლებას სავარაუდოდ ივლისში გეგმავს. ამ ინფორმაციას დღეს ერგნეთში ჩასული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მათეო მეკაჩი ავრცელებს. ტელეკომანია "მაესტროს" ინფორმაციით, მეკაჩმა ცხინვალის მოსაზღვრე ტერიტორია და ის ადგილი დაათვალიერა, სადაც რუსული და ქართული საგუშაგოებია განთავსებული.
ეუთოს წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები მისიის აღდგენაზე თითქმის დასრულებულია.
"აქ საქართველოს ხელისუფლების მოწვევით ვიმყოფები. შევხვდი ბევრ ადამიანს, მესმის მათი მდგომარეობა და ეუთო ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტურ რეგიონში ადამიანის უფლებების დასაცავად. ახლახან საპარლამენტო ასამბლეაზე განვიხილეთ ამ ზონაში ეუთოს ოფისის გახსნის საკითხი. საწინააღმდეგო აზრი პრაქტიკულად არ არსებობს. ახლა ოსურ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ოფისი სავარაუდოდ, მუშაობას ივლისში დაიწყებს", _ აცხადებს მათეო მეკაჩი.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მისიამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მუშაობა 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შემდეგ შეწყვიტა. ოსი სეპარატისტები ეუთოს მისიის რეგიონში დაბრუნების პირობად, მისიის მიერ მათ, დამოუკიდებლად აღიარებას და ცხინვალში, თბილისზე დამოუკიდებელი ოფისის გახსნას აყენებდნენ.