რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინმა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა პუტინს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა "დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის მხარი დაუჭიროს აფხაზეთს სოციალურ, ჯანდაცვის და ეკონომიკის სფეროში, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე უსაფრთხოებაზე", _ იუწყება აფხაზური მხარე. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მრავალი გაკეთდა იმისათვის, რათა "აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიუფოდ შემდგარიყო. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი", _ აღნიშნავს მედია.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების მთელი სპექტრი განიხილეს. ამის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ რეჟიმში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს მდ. ფსოუზე მდებარე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე შეხვდა. პუტინმა და ანქვაბმა საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტი დაათვალიერეს.
"ამის შემდეგ ანქვაბი და პუტინი "მწვანე დერეფანში" გავიდნენ და სასაზღვრო ზონაში აღმოჩნდნენ. ამით, ვლადიმერ პუტინმა ინაუგურაციის შემდეგ პირველად რუსეთის ფარგლები დატოვა, მართალია მხოლოდ რამდენიმე წუთით", _ წერს რუსული მედია.
იქვე მყოფმა "მინისტრებმა" ხელი მოაწერეს ოქმს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები