რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს მდინარე ფსოუზე მდებარე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ხვდება. რუსული მედიის მიერ გავრცელებეული ინფორმაციით პუტინი და ანქვაბი საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ათვალიერებენ.
შეხვედრის დამსწრე ფედერალური სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ პრონიჩევმა პუტინს განუცხადა, რომ ახალი პუნქტის გამტარიანობა დაახლოებით დღეღამეში 4 ათასი ადამიანი, 1,25 ათასი მსუბუქი ავტომობილი, 100 ავტობუსი და 150 სატვირთო ავტომობილი იქნება მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტი გამტარიანობით დაინტერესდა.
"ამის შემდეგ ანქვაბი და პუტინი "მწვანე დერეფანში" გავიდნენ და სასაზღვრო ზონაში აღმოჩნდნენ. ამით, ვლადიმერ პუტინმა ინაუგურაციის შემდეგ პირველად რუსეთის ფარგლები დატოვა, მართალია მხოლოდ რამდენიმე წუთით", _ წერს რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, იქვე მყოფმა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ.
რუსულ-აფხაზური მოლაპარაკებები "სახელმწიფოების მეთაურების დონეზე" რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში "ბოჩაროვ რუჩეი"-ში გაგრძელდება.