"ტვ 25"-თან დაკავშირებით საქარველოს უზენაესი სასამართლო განმარტებას აკეთებს.
"უკვე რამდენიმე დღეა, რაც სხვადასხვა მედია-საშუალებებით რეგიონალური ტელეკომპანიის "ტვ-25" სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით არაზუსტი და არაობიექტური ინფორმაციები ვრცელდება. სამწუხაროა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ განმარტებული გადაწყვეტილება, ტელეკომპანიის მხრიდან სასამართლოს დისკრედიტაციის მიზეზი გახდა. მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში ტელეკომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ "სააპელაციო სასამართლომ წინსწრებით გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელიც ჯერ არ გასაჩივრებულა". საუბარია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს "ტელეარხ 25-ის" სარჩელი და ძალაში დატოვა საგადასახადი აქტი, რომლის მიხედვით ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების სასარგებლოდ 277 547 ლარის გადახდა აქვს დაკისრებული. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში არსად არ არის მითითებული, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა, ამას ხელი არ შეუშლია ტელეკომპანიის დირექტორისთვის არარსებული ფაქტი რეალობად წარმოედგინა", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
მასში ასევე დეტალურადაა აღწერილი ტელეკომპანიასა და ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციას შორის სასამართლო დავის ისტორია.
"დავა 2006 წელს დაიწყო. შპს "ტელეარხი 25" თავისი სარჩელით ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსაგან ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 26 ივლისის საფუძველზე შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს მოთხოვნაზე უარი ეთქვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლო იყო. კერძოდ, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის შემოწმება ატარებდა გეგმიურ ხასიათს და სამეწარმეო საქმიანობისა და კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგადასახადო ორგანოების მიერ გეგმიური შემოწმების ჩატარება მოსამართლის ბრძანებას არ საჭიროებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტელეარხის სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და სარჩელი ხანდაზმული იყო.
მოსარჩელე მხარემ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, ტელეარხის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძვლის გამოვლენისას მეწარმეს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი საფუძვლის არარსებობის პირობებში, ვერ დაირღვეოდა მოსარჩელის მიერ კანონით განსაზღვრული სარჩელის შეტანის ვადა. მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი შპს "ტელეარხ 25-სთვის" საგადასახადო შემოწმების აქტით 438 138 ლარის დარიცხვა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციას არსებითი საკითხების გამოკვლევის შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
2009 წლის 28 ივლისის საგადასახადო აქტით ტელეარხის მიერ გადასახადი თანხების კორექტირება მოხდა და შპს "ტელეარხ 25"-ს 372 886 ლარის ნაცვლად 277 547 ლარის გადახდა დაეკისრა. შპს "ტელეარხი 25"-მა კი ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ამჯერად ახალი საგადასახადო აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. სწორედ ამ ახალი გადაწყვეტილების "წინსწრებით სააპელაციო განხილვას~ აბრალებს, მედიის საშუალებით "ტვ-25"სასამართლოს.
ასეთი გახლავთ ამ საქმის სამართლებრივი ისტორია და მავანთა მცდელობის მიუხედავად, მოახდინონ სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, სასამართლო მათ ყოველთვის დასაბუთებული და არგუმენტირებული ფაქტებით უპასუხებს", - ნათქვამია განცხადებაში.