საქართველოს თავდაცვის რეზერვის სტრუქტურა მასზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად ორ კატეგორიად დაიყოფა - სახმელეთო ჯარების რეზერვი და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი . ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტში.
სახმელეთო ჯარების რეზერვის (იგივე თავდაცვის ძალები) ძირითადი ამოცანა იქნება საომარი მოქმედებების დროს შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება.
ასევე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, "რაც განხორციელდება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის გეგმებისა და მითითებების მიხედვით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარება საგანგებო სიტუაციების დროს. სახმელეთო ჯარების რეზერვი კომპლექტდება სავალდებულო ან/და ნებაყოფლობით გაწვევის პრინციპით", - აღნიშნულია კონცეფციის პროექტში.
რაც შეეხება ტერიტორიული თავდაცვის რეზერვს, ის საომარი მოქმედებების დროს ძირითადად პასუხისმგებელი იქნება სამოქალაქო თავდაცვისა და ზურგის ოპერაციებზე. საჭიროების შემთხვევაში კი დაეხმარება სახმელეთო ჯარების რეზერვს.
მასვე თავდაცვის ძალების გეგმებისა და მითითებების მიხედვით დაევალება განსაზღვრული პასუხისმგებლობია რაიონის ავტონომიურად დაცვაზე, რომელიც დადგინდება საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
"კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი დახმარებას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი კომპლექტდება ნებაყოფლობითობის საფუძველზე", - ნათქვამია კონცეფციის პროექტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზისა და დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი მოამზადა.
პროექტი ასევე ეყრდნობა ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებას.