საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის მიერ დაკავებული პრინციპული პოზიცია აფხაზი სეპარატისტების გულისწყრომას უკვე დიდი ხანია იმსახურებს.
სეპარატისტებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შესვლა და მუშაობა, მათივე განცხადებებით - ისინი არასოდეს შეუშვებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლებს. მიუხედავად სეპარატისტების ამ პოზიციისა ევროკავშირის დამკვირვებლებს მიმართ, ისინი მათგან გალის რაიონში, ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე მკვლელობის განხილვას მაინც მოითხოვდნენ, უფრო სწორად, ალბათ, მათ სურდათ, უკონტროლო აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ კრიმინალურ გარჩევებში საერთაშორისო დამკვირვებლებს "ქართული კვალი" დაენახათ და ყოველივეს ასახვა შემდგომ უკვე მათ ანგარიშებში ენახა.
რამდენიმე ხნის წინ ანჟეი ტიშკევიჩის პოზიციით უკმაყოფილება ხმამაღლა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჩესლავ ჩირიკბამ გამოთქვა. მანვე მაშინ განაცხადა, რომ აფხაზეთი არ შეურიგდება ტიშკევიჩის პოზიციას, რომელმაც გალის რაიონში მომხდარი მკვლელობების განხილვაზე უარი განაცხადა.
"ჩემს კითხვაზე - თუ რატომ არ ხდებოდა ეს, ტიშკევიჩმა მიპასუხა, რომ ეს შეგნებული პოზიციაა - "შეუშვით ევროკავშირი აფხაზეთში და მაშინ ჩვენ ვისაუბრებთ თქვენს მკვლელობებსა და თქვენს გვამებზე". ძალიან ცინიკური პოზიციაა. აფხაზური მხარის მიერ გაცხადებული იყო, რომ ამგვარი ფაქტიური შანტაჟის პოზიცია, პირდაპირ აისახება ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მონაწილეობაზე გალის შეხვედრებში", _ აცხადებდა ჩირიკბა.
საბოლოო ჯამში, სეპარატისტებმა არ დააყოვნეს და პოლონელი ტიშკევიჩი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არასასურველ პერსონად გამოაცხადეს.