გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც გუშინ უნდა გამართულიყო არ ჩატარებულა. შეხვედრა ჩაიშალა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ადასტურებს.
მისი განცხადებით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი აფხაზური მხარის პოზიცია გახდა, რომელიც მან საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის მიმართ დაიკავეს.
"აფხაზურმა მხარემ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის შეშვებაზე უარი განაცხადა. ამიტომაც ჩაიშალა შეხვედრა", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსნებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ხილვა "აფხაზეთის ტერიტორიაზე მეტი არ სურს" და ის არასასურველ პერსონადაა გამოცხადებული.