აფხაზი სეპარატისტები საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს გენერალ ანჟეი ტიშკევიჩს აფხაზეთის ტერიტორიაზე არასაურველ პერსონად აცხადებენ და გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ მეტი მისი ხილვა აფხაზეთის ტერიტორიაზე არ სურთ. ამასთან ერთად სეპარატისტები ასევე უკმაყოფილებას გამოხატავენ რიგ საკითხებთან მიმართებაში ტიშკევიჩის პოზიციასთან დაკავშირებით.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს გაოცებას გამოხატავს საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის გენერალ ანჟეი ტიშკევიჩის კონფრონტაციული პოზიციის გამო".
"დაუშვებლად მივიჩნევთ მისიის ხელმძღვანელის უარს, დააფიქსიროს განსაკუთრებით მძიმე ინციდენტები, რომლებიც საზღვრიპირა ზონაში ხდება, მათ შორის, რიგი მკვლელობებისა და ასევე აფხაზური მხარის პოლიტიკური შანტაჟის მცდელობები", - წერს აფხაზური მხარე და იქვე აღნიშნავს, რომ ტიშკევიჩი არის რა ჟენევის მოლაპარაკებათა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში მონაწილე აფხაზური მხარის მიმართვების იგნორირებას ახდენს და აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვებას მოითხოვს, რაც მედვედევ-სარკოზის გეგმას ეწინააღმდეგება.
"ევროკავშირის მისიას ტიშკევიჩის ხელმძღვანელობით აშკარად არ ძალუძს მიუკერძოებელი მონიტორინგის ჩატარება და ობიექტური შეფასევბის მიცემა იმ პროცესებისადმი, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს", _ წერენ სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ ტიშკევიჩის ყურადღების მიღმა დარჩა გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთთან ახლოს მდებარე სამეგრელოში შეაიარაღებული სამხედრო ფორმირებების შექმნის შესახებ.
მეტიც, აფხაზური ე.წ. საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ "თავისი უმოქმედობით" ტიშკევიჩი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ეფექტურობას ხელს უშლის.
"ასევე დაუშვებელია მისი გამოხტომები აფხაზური მხარის მიერ და მის მიერ გამოვლენილი უპატივცემულობა აფხაზი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აფხაზურ მხარეს მეტი არ სურს ანჟეი ტიშკევიჩის აფხაზეთის ტერიტორიაზე ხილვა.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბატონ ტიშკევიჩს აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად აცხადებს", _ ნათქვამია განცხადებაში.