პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის კავშირგაბმულობის სფეროში გაფორმებულ შეთანხმებაზე რეაგირებას ითხოვს.
როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავითაიამ განაცხადა, რუსეთის ფედერაცია გაეროს ქვემდებარე ორგანოს _ საერთაშორისო კავშირგაბმულობის სააგენტოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არღვევს.
მისი თქმით, სახელმწიფოს საზღვრები რეგულირებადია არა მხოლოდ სახელმწიფო საზღვრებით, არამედ კავშირგაბმულობის საზღვრებითაც.
„საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა მივმართოთ, რომ რუსეთი არღვევას მის წინაშე აღებულ ვალდებულებას. ამ მიმართულებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა მოხდეს მკაცრი რეაგირება,,- აღნიშნა დავითაიამ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს, თუმცა მან საგარეო ურთიერთობატა კომიტეტს დაავალა, რომ ჩაერთოს ამ საკითხში.
,,რუსეთს არცერთი გზა არ უნდა დავუტოვოთ, რომ დააკანონოს უკანონობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ ყველა ქმედებაზე უნდა მოვახდინოთ ადეკვატური რეაგირება,, - აღნიშნა ბაქრაძემ.
რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილია 66 ორმხრივი შეთანხმება და კიდევ 40 შემუშავების სტადიაშია. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ "უახლოეს მომავალში ხელმოწერილი იქნება სამი დოკუმენტი - ეს არის შეთანხმებები ვაჭრობის შესახებ, შეთამნხმება კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების სფეროში და ასევე შეთანხმება განათლების სფეროში".
"ეს შეთანხმებები მოიცავენ ყველა სფეროს, რომელზეც დამოკიდებული ჩვენი ადამიანური კავშირები", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.