მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შორის მოლაპარაკებები გაიმართა. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ხინთბას ინფორმაციით, დღეს მოსკოვში სერგეი ლავროვმა და ვიაჩესლავ ჩირიკბამ ხელი მოაწერეს "კონსულტაციების გეგმას" აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2013 წლამდე.
"ეს გეგმა ეხება აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთქმედებას საგარეო პოლიტიკურ სფეროში", _ აცხადებს ხინთბა.
ამას გარდა, მისივე ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა და ვიაჩესლავ ჩირიკბამ შეხვედრისას საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, ისაუბრეს ჟენევის დისკუსიებზე და "ორი ქვეყნის ძალისხმევაზე საგარეო პოლიტიკურ არენაზე".
დღესვე სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ლექციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში წაიკითხავს. ჩირიკბას ვიზიტი მოსკოვში ხვალ სრულდება.