2009 წელს "სოკარ გაზ სუფლაიმ" საქართველოს 816 მლნ. კუბური მეტრი "სოციალური" გაზი მიაწოდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოსთვის მიწოდებული გაზის მთლიანი მოცულობიდან "სოკარის" კუთვნილმა გაზმა 302 მლნ. კუბური მეტრი შეადგინა, დაახლოებით 358 მლნ. კუბური მეტრი "შაჰდენიზის" საბადოზე მოდის (აქედან საქართველო ნაწილს ყიდულობს, ხოლო გარკვეული მოცულობა სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ტრანზიტიდან რჩება), დარჩენილი 160 მლნ. კუბური მეტრი - რუსული ტრანზიტიდან მიღებული გაზია.
2008 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, "სოკარს" მართვაში 30 გაზგამანაწილებელი მეურნეობა და ქსელი გადაეცა, რომელიც საქართველოს ისეთ რეგიონებს მოიცავს, როგორიცაა: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა და ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო. ამ რეგიონებში ქსელებს მანამდე 24 კომპანია ემსახურებოდა.
გარდა ამისა, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანი საქართველოს ხუთი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირით მოამარაგებს. ხელშეკრულების მიხედვით, ბუნებრივ აირზე საქართველოს "სოციალური სექტორის" მოთხოვნას აზერბაიჯანი 5 წლის განმავლობაში სტაბილურ ფასებში უზრუნველყოფს. გაზგამანაწილებელი ქსელები "სოკარს" მართვაში 2009 წლის თებერვალში გადაეცა.
2009 წლის აპრილში "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" სარგებლობაში გადავიდა ასევე მარნეულის გაზგამანაწილებელი ქსელები, რომლებიც 31 გაზის მეურნეობას მოიცავს.