მთავრობა არ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების IPO, ან მათ მიერ ევრობლიგაციების გამოშვება. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა, აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის, რადგანაც საქართველოს მთავრობა ჯერ ინტენსიურ კონსულტაციებს გადის ცნობილ საინვესტიციო ბანკებთან, როგორებიცაა "სიტი ბანკი" და "ჯი-პი მორგანი".
ამ დროისთვის არც ისაა გადაწყვეტილი, სახელმწიფო საწარმოების მხოლოდ მცირედი აქციები განთავსდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, თუ ეს სახელმწიფო კომპანიები საკუთარ ევროობილგაციებს გამოუშვებენ.
"საუბარია სახელმწიფო საწარმოებზე, როგორიცაა "საქართველოს რკინიგზა" და "საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია". საუბარია იმაზე, რომ ამ ორგანიზაციებმა ევროობლიგაციები გამოუშვან, ან ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებაზე, გამოსყიდვის უფლებით. ვიმეორებ, ეს არის საჯარო განთავსება და, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების საკონტროლო პაკეტს საქართველოს მთავრობა შეინარჩუნებს.
ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კერძო სექტორი განვითარდეს. ეს არის სიგნალი იმისკენ, რომ კერძო სექტორმა ნახოს, რა კეთდება სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში, იფიქრონ და ეს მოდელი გამოიყენონ თავიანთი ბიზნესიდეების ექსპანსიითვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.