საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო. ახალი უპილოტო საჰაერო სისტემა გამოიცადა ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში. იგი შედგება საჰაერო აპარატისა და სახმელეთო სეგმენტებისაგან. ფრენის მართვა ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფით.
საჰაერო აპარატი აღჭურვილია შიგაწვის ძრავით. აფრენა ხორციელდება პნევმატური კატაპულტის მეშვეობით.
უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სისტემას. ის გამოიყენება რთული (საბრძოლო) მისიების წარმოების დროს, ასევე შემდეგი მიზნებისთვის: • სასაზღვრო პატრულირება; დაზვერვა/თვალთვალი; საჰაერო ფოტოგადაღება; დაზვერვა გეოფიზიკური მეთოდებით; სტიქიური უბედურებების მონიტორინგი; სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა; რადიაციის შემოწმება/კონტროლი; დღის/ღამის დაზვერვა; ბრძოლის ველის მეთვალყურეობა; მიზნის დადგენა; რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა; ბრძოლის ველზე ზარალისა და მსხვერპლის შეფასება.
ტექნიკური მახასიათებლები: ფრენის ხანგრძლივობა - 8 საათი; ფრენის სიმაღლე - 100-3000 მეტრი; სიჩქარე - 60-160 კმ/სთ.
სასარგებლო ტვირთი - ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, თერმული კამერა და ინფრაწითელი კამერა. უპილოტო საჰაერო სისტემის გამოყენების დროს საფრენი აპარატის მიწაზე დაშვებისას იხსნება პარაშუტი და ამავე დროს იბერება უსაფრთხოების ბალიში ზედმეტი დაზიანების შემსუბუქების მიზნით. საფრენი აპარატის დაფრენისას პარაშუტი მაშინვე ავტომატურად იხსნება. სისტემა გამოიყენება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და ასევე ტემპერატურის მნიშვნელოვანი გრადაციის შემთხვევაშიც.