უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი მორიგი რევოლუციური იდეის განხორციელებას გეგმავს. ფრანგს ევროპის ლიგის გაუქმება და ჩემპიონთა ლიგაში კლუბების რაოდენობის 64-მდე გაზრდა სურს.
ამ შემთხვევაში, ინგლისის, ესპანეთის, გერმანიისა და იტალიის ჩემპიონატებიდან, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 6-6 კლუბს ვიხილავთ. გარდა ამისა, პატარა საფეხბურთო ქვეყნებსაც მიეცემათ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის საშუალება.
გეგმის მიხედვით, განახლებული ჩემპიონთა ლიგა სტარტს 2016/17 წლების სეზონიდან აიღებს.
რეფორმის მთავარ მიზეზად ის სახელდება, რომ ევროპის ლიგა ფინანსური თვალსაზრისით არცთუ მიმზიდველია. ტურნირს სპონსორებიც და ტელეაუდიტორიაც ჩემპიონთა ლიგაზე ნაკლები ჰყავს.
მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე გუნდების 64-მდე გაზრდის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ ინგლისის, ესპანეთის, გერმანიისა და იტალიის თასების მფლობელი კლუბები.