ბათუმი ქართულ-სომხურ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან (ასსპა) აცნობეს. მათი ინფორმაციით, სომხურმა ბიზნესმა ქობულეთის ტურიზტული ზონისადმი ინტერესიც გამოხატა.
ასსპა-ს დელეგაცია საქმიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში უკვე იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში არბიტრაჟისა და მედიაციის საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში შედგა პირისპირ შეხვედრა ასსპა-ს პრეზიდენტ თამაზ შავაძესა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მარტინ სარქსიანს შორის. მხარეები შეთანხმდნენ პალატებს შორის თანამშრომლობასა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოვებაზე. ერევანში ასევე შედგა შეხვედრა სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და იუსტიციის მინისტრთან. სომეხ ბიზნესმენებში დიდი დაინტერესება გამოიწვია ფიჭვნარის თავისუფალმა ტურისტულმა ზონამ და აჭარის რეგიონის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებმა.
ზაფხულში სომხეთის ბიზნესდელეგაცია ეწვევა ბათუმს და ჩატარდება ბიზნესფორუმი. ასევე გაფორმდება ორ პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.