"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ახმეტის რაიონის სოფლებში შეხვედრებს განაგრძობს.
ქისტაურისა და მატანის მოსახლეობა გადაუჭრელ პრობლემად სოფლების გაზმომარაგებას ასახელებს. ქისტაურში გაზი საერთოდ არ არის, მატანში კი მხოლოდ სოფლის ნახევარშია შეყვანილი მილები. მიუხედავად ბევრი მოუგვარებელი საკითხისა, მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება უკიდურესად გაძვირებული სამედიცინო მომსახურება, წამლების სიძვირე და უმწეოთა დახმარების გაცემის საქმეში გამეფებული უსამართლობა.
"სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სასოწარკვეთილია იმის გამო, რომ ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის პრობლემებს ვერ უმკლავდება. კარგია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა მემარჯვენეების მოთხოვნა პენსიონერთა სამედიცინო დაზღვევის თაობაზე, მაგრამ მორალურად სრულიად გაუმართლებელია ამ პაკეტით მხოლოდ 67 წელს მიღწეული პენსიონერების უზრუნველყოფა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას - ნუ მოახდენს პენსიონერების დახარისხებას ასაკის მიხედვით და გადახედოს მიღწეულ უკვე გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჩიხრაძემ.