დღეს ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა მოაწერეს ხელი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს სპონსორობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ლიბერთი ბანკი ოლიმპიური თამაშების მსვლელობის განმავლობაში უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სპონსორობას.
2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების მხარდასაჭერად ლიბერთი ბანკი უახლოეს მომავალში მომხმარებლებს შესთავაზებს ახალ საანაბრე პროდუქტს.
"ანაბარი ოლიმპიური ქომაგი - 2012 ჩვენ შევქმენით იმისთვის, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრების წარმატების კვალდაკვალ კლიენტებს მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ მეტი სარგებელი. აღნიშნული ანაბარი წარმოადგენს ლიბერთი ბანკის არსებული და უკვე პოპულარული პროდუქტის პატრიოტი ქომაგის სახეცვლილ ვარიანტს, რომელიც ევრობასკეტისა და რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებების მხარდასაჭერად შეიქმნა 2011 წელს. ლარში ანაბრის გახსნა მომგებიანია. სწორედ ამიტომ ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ მსგავსი ტიპის ანაბარს. ამასთანავე, ჩვენ ვქომაგობთ ქართველ სპორტსმენებს და კლიენტების სახელით, საკუთარი ხარჯებით მათთვის გამოვყოფთ პრემიას. მე მინდა მოვუწოდო ყველას, ერთად დავუფასოთ წარმატება ქართველ სპორტსმენებს", - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ.
"მივესალმებით ლიბერთი ბანკის ამ წამოწყებას და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სახელით მადლობას ვუხდით ბანკს. მოსახლეობას კი მოვუწოდებთ გახსნან ანაბარი ოლიმპიური ქომაგი - 2012 და ამ სახით უქომაგონ ჩვენს სპორტსმენებს", განაცხადა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა.