ყვარლის რაიონში მდინარე დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ლევან კოკორაშვილმა განუცხადა, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ნაპირსამაგრი სამუშაოებიც ჩატარდება.
„დურუჯის ხიდთან წყალი უკვე აღარ გადიოდა. ღვარცოფებისა და წყალდიდობების შემთხვევაში საფრთხე იყო მოსალოდნელი. ხიდის გამტარუნარიანობის აღსადგენად დურუჯის კალაპოტის კაპიტალური გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება. მდინარე დურუჯის ნაპირების გამაგრება 1 კილომეტრზე უნდა მოხდეს. 600 მეტრზე კალაპოტი უკვე ამოსუფთავებულია. ქვიშას ორი მეტრის სიღრმეზე იღებენ. მდინარიდან ამოღებული ქვიშით, ყვარელში, სადაც ასფალტი არ იყო, ის გზები მოიხრეშა. სამუშაოების შესრულების შედეგად დურუჯი ყვარელს საფრთხეს აღარ შეუქმნის", - აღნიშნა ლევან კოკორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დურუჯმა ყვარელი პირველად 1832 წელს დაანგრია. მომდევნო ტრაგედია 1904 წელს დატრიალდა, მდინარემ ქალაქი წალეკა და სახლებიდან აკვნიანი ბავშვები გაიტაცა. 1906 წელს, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა. 1949 წელს მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საჭოთა კავშირი შეძრა. ღვარცოფი თავს დაატყდა ე.წ. „კაზარმას", რომელშიც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო საავიაციო ნაწილი იყო განლაგებული. სულ რამდენიმე წუთში სტიქიამ 54 პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპა დიდძალი პირუტყვი, განადგურდა მიმდებარე ვენახები და ბაღ - ბოსტნები.