საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 - 2011 წწ სტრატეგიული გეგმის 1-ლი კვარტლისათვის დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშზე სამინისტროს ყველა სტრუქტურასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო სამსახურის რეფორმირების პროგრამის, განათლების განვითრების აკადემიის, საქართველოს შეფასების ასოციაციის, "მენეჯმენტ სისტემს ინტერნეშენალის" წარმომადგენლებმაც იმუშავეს.
შეფასდა განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობა, ასევე ის, თუ რამდენად მიაღწია სამინისტრომ მოცემული პერიოდისათვის დასახულ სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს.
მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის მიმდინარეობის შეფასება სტრატეგიული გეგმის დამტკიცებიდან მცირე ხანში განხორციელდა, ექსპერტების შეფასებით, საანგარიშო პერიოდში თითქმის სრულად შესრულდა 1-ლი კვარტლისათვის დაგეგმილი ღონისძიებები, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში რამდენიმე პროექტი დაგეგმილზე ადრე შესრულდება.
2009 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა 2009-2011 წლების სტრატეგიული გეგმის, ასევე, სამინისტროს დეპარტამენტების სამოქმედო და მონიტორინგისა და შეფასების გეგმები.
მონიტორინგისა და შეფასების გეგმა მიზნად ისახავს, დაეხმაროს სამინისტროს უფროსი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს გააკონტროლონ სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის პროცესი და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობა. მონიტორინგი და შეფასება მართვის ინსტრუმენტია, რომელიც უნდა დაეხმაროს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო კორექტივები შეიტანონ საქმიანობაში.
სტრატეგიის იმპლემენტაციის პირველადი შეფასება ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საქართველოს შეფასების ასოციაციამ განახორციელა, თუმცა, მომდევნო ეტაპებზე შეფასების პროცესის წარმართვისა და ზოგადი ხელმძღვანელობის ფუნქცია დაეკისრება მონიტორინგისა და შეფასების კომიტეტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თავმჯდომარეობით შეიქმნა. მასში შედიან დეპარტამენტებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელები. სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, იუსტიციის სამინისტრო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევს დაინტერესებული არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, სამეწარმეო სუბიექტების, ასევე, მედიის წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო დაწესებულებაა, სადაც ხარისხის შეფასების სისტემა დაინერგება.
სამინისტრო მომავალში კიდევ უფრო დახვეწავს შეფასებისა და მონიტორინგის პროცესს და უფრო სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას განხორციელებული პროექტების შესახებ.