ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა ცხინვალის საავადმყოფოდან გამოუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცხინვალის საავადმყოფოს კარდიოლოგური განყოფილების გამგე სვეტლანა კოროევა აცხადებს, რომ ჯიოევას გამოწერის გადაწყვეტილება საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა და მისმა მკურნალმა ექიმებმა მიიღეს. "ამჟამად ჯიოევა სრულიად ჯანმრთელია და ექიმების დახმარებას არ საჭიროებს", _ აცხადებს კოროევა.
ჯიოევა უკვე სახლში იმყოფება, თუმცა ამჟამად შეიარაღებული დაცვა უკვე მისი სახლის ირგვლივ დგას.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევა საავადმყოფოში 9 თებერვლიდან იმყოფება. იგი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც მისი ე.წ. წინასაარჩევნო შტაბი დაარბიეს და პირადად იგი ე.წ. გენპროკურატურაში დასაკითხად დაიბარეს.