ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა ცხინვალის საავადმყოფოში საკუთარი ნების წინააღმდეგ იმყოფება. ეს განცხადება თავად ჯიოევამ რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთან" საუბარში გააკეთა.
თავად ჯიოევა ამ ფაქტს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხვალ დაგეგმილ არჩევნებს უკავშირებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იგი საავადმყოფოდან ჯერ კიდევ ორი კვირის წინ უნდა გაეწერათ მას საავადმყოფოს ფარგლებს გარეთ არ უშვებენ და დაპატიმრებით ემუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში ხვალ ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეს არჩევნები გასული წლის 13 ნოემბერს ჩატარებული ე.წ. არჩევნების შემდეგ დანიშნეს, რომლებშიც ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. იმ ე.წ. არჩევნებზე მოსკოვმა თავისი კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის გაყვანა ვერ შეძლო და განმეორებითი არჩევნები დანიშნა. ხვალ დაგეგმილ არჩევნებში არც ალა ჯიოევა და არც მისი მოწინააღმდეგე ანატოლი ბიბილოვი აღარ მონაწილეობენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" თანამდებობისათვის კი 4 კანდიდატი იბრძვის.