ოსი სეპარატისტები ცხინვალის რეგიონში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დროს დანარჩენ საქართველოსთან საზღვარს ჩაკეტავენ. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვან სტრუქტურებში გააკეთეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ხვალ 25 მარტს გაიმართება "პრეზიდენტის" თანამდებობაზე კენჭს ოთხი კანდიდატი იყრის. ესენი არიან: ე.წ. უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ ტიბილოვი, ე.წ, ადამიანის უფლებათა დამცველი დავიდ სანაკოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ელჩი" რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.
"მიღებული გადაწყვეტილების თანახმად საზღვარი ერთი დღეღამით დაიხურება. 24 მარტის საღამოდან შეწყდება მოქალაქეთა გატარება საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე რომლებიც - მოსაბრუნში, არცევში, სინაგურსა და ქარძმანში მდებარეობს. საზღვარი კი მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ანუ 25 მარტის 20:00 საათის შემდეგ გაიხსნება", _ იუწყება ოსური მხარე.