აჭარის ა. რ. უმაღლეს საბჭოში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო განხილვა გაიმართა. ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები 2010 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა ჩატარდეს. ცვლილება ასევე ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მერის საყოველთაო, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩევას.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.
"დემოკრატიის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ მერის პირდაპირი წესით არჩევა თბილისის გარდა სხვა ქალაქებსაც უნდა შეეხოს. გენო გელაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს, შესაძლოა, კონსტიტუციის ეს მუხლი ეჭვქვეშ დადგეს.
ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს ფრაქცია "ქრისტიან- დემოკრატებსაც". ნუგზარ ფუტკარაძის განცხადებით, განმარტებით ბარათში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზანი მითითებული არ არის. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხშირად ჩატარებული რიგგარეშე არჩევნები სახელმწიფოს არასტაბილურობაზე მეტყველებს. მისი თქმით, პარლამენტს ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით სამთვიანი ვადა უნდა შეუმცირდეს, რადგან საარჩევნო პროცესის წარმართვას ხელი არ შეეშალოს.