ძველით ახალ წელს კახეთში ასობით ოჯახი უშუქოდ შეხვდა. `კახეთის ენერგოდისტრიბუციამ~ დავალიანების მქონე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.
`ახალი წლის დღეები დამთავრდა და `კახეთის ენერგოდისტრიბუცია~ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ელექტროენერგია მიეწოდებათ მხოლოდ იმ აბონენტებს, რომელთაც დავალიანება არ აქვთ. დავალიანების მქონე აბონენტებს კი ელექტროენერგიის მიწოდება ინდივიდუალურად შეუწყდათ~, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს `კახეთის ენერგოდისტრიბუციის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ჟანა დიდებაშვილმა.
`კახეთის ენერგოდისტრიბუცია~ რეგიონის სოფლებში მცხოვრები აბონენტებისგან ელექტროენერგიის გადასახადის ამოღებას საუბნო მრიცხველების ჩვენებებით ახდენს. ათიათასობით აბონენტს ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის გარდა, დამატებით 5, 10 ან მეტი ლარის გადახდა უწევს. ცოტა ხნის წინ, ენერგოკომპანიის ამგვარ მუშაობას, იურიდიული დახმარების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „ჩინგიზ ხანის პრინციპებით მუშაობაც" კი უწოდა. კომუნალური მრიცხველების არსებობა რამდენჯერმე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკრიტიკა, მაგრამ მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. აბონენტებს, რომლებიც სოციალური გაჭირვების გამო, დამატებით დარიცხულ თანხებს ვერ იხდიან, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.