8 მარტს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის 22-ე ტური, რის შემდეგაც უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდი მაღალი ადგილებისთვის ცალკე გააგრძელებს თამაშს, ხოლო ქვედა ოთხეული დარჩენისთვის იბრძოლებს.
კონკურენტების „სპარტაკისა" და „დილას" შეხვედრა 2:2 დასრულდა, რაც გორულ გუნდს აძლევდა ხელს.
„ვიტ ჯორჯია" და „გაგრა" ცხრილის ლიდერებთან დამარცხდნენ, ხოლო აუტსაიდერმა „სიონმა" რუსთავში ადგილობრივი „მეტალურგი" კი დაამარცხა, მაგრამ ამ მოგებამ სატურნირო თვალსაზრისით ვერაფერი შეცვალა ბოლნისელთათვის.
ამგვარად ზედა რვეულში მოხვდნენ: „ზესტაფონი", „დინამო", „ტორპედო", „მეტალურგი", „მერანი", „ბაია", „დილა" და „კოლხეთი". ამ რვა გუნდს შემდეგ ეტაპზე გადაყვება ერთმანეთთან მოგროვებული ქულები და ისინი ორ წრედ ითამაშებენ, ანუ თითო გუნდს შინ და გარეთ 7-7 თამაში მოუწევს.
ქვედა ოთხეული შეადგინეს „ვიტ ჯორჯიამ", „სპარტაკმა", „გაგრამ" და „სიონმა" და მათ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევთ პირველი ლიგის ოთხ რჩეულ გუნდთან - „ჩიხურასთან" (საჩხერე), „დინამოსთან" (ბათუმი), „გურიასა" (ლანჩხუთი) და „მერცხალთან" (ოზურგეთი).
ეს რვა გუნდი ერთმანეთში ორ წრედ ითამაშებს და აქ ყველაფერი ნულიდან იწყება. მათ შორის ოთხი საუკეთესო შემდეგ წელს უმაღლეს ლიგაში ითამაშებს, ასე რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ უმაღლესი ლიგის ძველი წევრებიდან ოთხივემ შეინარჩუნოს ადგილი, თუკი ისინი პირველლიგელებს აჯობებენ.