"დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარიც კი ზედმეტია მანამ სანამ არ დაიწყება დეოკუპაციის პროცესი", _ აცხადებს კოალიცია "ევროპული საქართველოსათვის" საბჭოს წევრი მიხეილ თავხელიძე.
"მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს არც ერთი პრობლემა რუსულ ქართულ ურთიერთობებში, რომელიც თბილისის გამო არის შექმნილი, პირიქით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისათვის ყველანაირი ბარიერი მოხსნა იმისათვის, რომ მათ საქართველოსთან ურთიერთობა იქონიონ", _ აცხადებს თავხელიძე და აღნიშნავს, "თუ მოსკოვს უნდა რაღაცის გაკეთება, ვთქვათ იგივე სავიზო რეჟიმის გაუქმება მას ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს. მისი თქმით, რუსეთი მზად არის ორმხრივ საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს. "ამისათვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ დააკმაყოფილოს სამართლებრივი პირობები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში ჩამსვლელი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოს საგარეო უწყებამ უპასუხა, რომ საქართველო მზადაა რუსეთის მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგის შემდეგ დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი.
"ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საუბარი, განვაახლოთ დიალოგი, როგორც კი რუსეთის ხელისუფლება დაგვანახებს, რომ იგი მართლაც მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დაგვანახებს, რომ მის მიერ გაცხადებული ინიციატივა რეალურად გულწრფელ საფუძვლებს ეყრდნობა. "დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს და გაიყვანს რუსეთის ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან და უკუაგდებს მის მიერ უკანონოდ მიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების აღიარებისა", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმემ ნინო კალანდაძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ნებისმიერი სახის დიალოგი შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ფარგლებში.
საქართველომ რუსეთთან დიპომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ შეწყვიტა.