ბათუმში ახალი თეატრი ძველის ადგილზე აშენდება და მის არქიტექტურას თითქმის მთლიანად გაიმეორებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ახალი შენობა ძველზე ბევრად დიდი იქნება და 1100 მაყურებელს დაიტევს. მასში შესაძლებელი იქნება როგორც თეატრალური, ისე საესტრადო წარმოდგენების დადგმა.
ბულვარში ახალი საზაფხულო თეატრის პროექტის პრეზენტაცია არქიტექტორმა გოჩა გარუჩავამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძესა და ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს წარუდგინა.
"საზაფხულო თეატრი ბათუმელთათვის და ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენდა. იგი თავის პირვანდელ ადგილზე ამიტომაც აშენდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობასა და მოხატვაზე ადგილობრივები დასაქმდებიან", - აღნიშნა ვარშლომიძემ.
საზაფხულო თეატრი 1947 წელს არქიტექტორების, კახა ჯავახიშვილისა და ბოგდან კირაკოსიანის პროექტით შესრულდა. იგი თავისი ეპოქისთვის შესაფერის - ე.წ. "სტალინის ბაროკოს" სტილში იყო შესრულებული და 590 მაყურებელს იტევდა. შენობა 2001 წელს ხანძრმა გაანადგურა.