"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ბათუმში პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ახალი ოფისის გახსნას დაესწრნენ. ოფისის ახალი შენობა ყოფილი მმაჩის ბიუროს შენობაში, ვაჟა-ფშაველას 35 ნომერშია განთავსებული.
ახალგახსნილ ოფისში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მონიტორინგს აჭარის ფრაქცია "ქრისტიან დემოკრატები" 2009 წლიდან ახორციელებენ. 2011 წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფებმა კვლევა განახორციელეს აჭარის 316 სოფელში. პროგრამის ფარგლებში აგებული 713 ობიექტიდან, შესწავლილ იქნა 635. მონიტორინგის მიზანია პროგრამის მიმდინარეობისას პრობლემებისა და დარღვევების გამოვლენა შემდგომი რეაგირებისა და აღმოფხვრისთვის. პრეზენტაციას პარტიის აჭარის ორგანიზაციის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორისა და ენ-დი-აის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შესასრულებელი სამუშაოს მონიტორინგს. აუცილებელია დეტალური კვლევა იმისა, თუ როგორ იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული თეთრი. ამ პროგრამის განხორციელებისას მნიშვნელოვანია უშუალოდ მოსახლეობის ჩართულობა და პრიორიტეტების მათი მოთხოვნილებისამებრ გადანაწილება", - განაცხადა თარგამაძემ.