სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლებულ პირებს რეზერვში ნებაყოფლობით წასვლა შეეძლებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით "სამხედრო სარეზერვო სამსახურის" შესახებ კანონში ცვლილება შედის.
კანონის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლებულები არიან: ქალები; სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებული არიან მოძრავი შემადგენლობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებითა და რემონტით; საზღვაო ფლოტის შემადგენლობა; პედაგოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ სოფლად; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში მომუშავე პირები; თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები; მოსამართლეები; პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური; საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები; დიპლომატიური თანამდებობის პირები; სასულიერო პირები; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
ასევე პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება.
დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, ზემოთ ჩამოთვლილი პირებიდან ნებაყოფლობით სამხედრო სარეზერვო სამსახურში წასვლა შეეძლოთ ქალებს; ასევე პირებს, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური; საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფ პირებს; დიპლომატიური თანამდებობის პირებს და საქართველოს პარლამენტის წევრებს.
კანონპროექტში კი აღნიშნულია, ნებაყოფლობით სავალდებულო სამსახურში წასვლა ყველას შეეძლება 18 წლის ასაკიდან.
კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა.