ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, ჟენია პატარაშვილის საცხოვრებელი სახლის სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
„ჟენია პატარაშვილი ღამეს შვილთან გაათევს. მან უკვე დაწერა დახმარებაზე განცხადება და ზარალის დამთვლელი კომისია, დღეს, ალბათ უკვე შეისწავლის ადგილზე არსებულ ვითარებას", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ გავაზის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დათო ვარაზაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გელა სეფაშვილის თქმით, გამგეობაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული 20 ოჯახის განცხადებაა შესული.
„ამ ეტაპზე სულ 20 განცხადებაა შემოსული, რომლებსაც ჩვენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში გადავაგზავნით. დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას აუცილებლად გაუწევენ", - აღნიშნა გელა სეფაშვილმა.